ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ფინანსთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, ასევე, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას.

აკადემია სახელმწიფო  და კერძო ორგანიზაციების სანდო პარტნიორია, თანამშრომელთა სწავლების, მათი კვალიფიკაციის ამაღლების და საჭირო პროფესიული უნარების განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის  პროფესიულად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიწოდებას,  ეკონომიკური, ფინანსური თუ სხვა მიმართულებით. მოთხოვნის შემთხვევაში, აკადემია ასევე ახორციელებს პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ, მიზნობრივ სასწავლო პროექტებს.

ფინანსთა სამინისტროს აკადემია თანამშრომლობს მაღალკვალიფიციურ ტრენერებსა და დარგის ექსპერტებთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს სისტემის სპეციალისტებთან, რათა საზოგადოებას შესთავაზოს მაღალხარისხიანი, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე სრულად მორგებული სასწავლო პროგრამები.

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ 2015-2020 წლების სტრატეგია შეიმუშავა დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და მომავალი პრიორიტეტების გათვალისწინებით. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მისი ექსპერტების აქტიური ჩართულობით, უახლესი მიღწევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, აკადემიამ განაახლა თავისი სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის. განახლებულ სტრატეგიაში გათვალისწინებულია როგორც აკადემიის თოთოეული თანამშრომლის, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, აკადემიის პარტნიორი ტრენერებისა და საერთაშორისო პარტნიორთა წარმომადგენლების მოსაზრებები. 

აკადემიის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული მუდმივად ცვალებად გარემოში უწყვეტი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული სწავლების მნიშვნელობა, რაც გულისხმობს მზარდ მოტივაციას, ინოვაციურ მიდგომებს, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და მეტ მოქნილობას. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გუნდი მუდმივად ზრუნავს მომსახურების სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე, სწავლების დახვეწილი და თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.  

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის 2021-2025 წლების სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია ორგანიზაციის ხედვა, მისია, პრიორიტეტული მიზნები და ამ მიზნების განსახორციელებლად დაგეგმილი ღონისძიებები. 

აკადემიის სტრატეგია მოიცავს სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას და  მათი უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს. განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურა, კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლები, სწორად დაგეგმილი საქმიანობა, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება და  ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნების სრულად მიღწევის გარანტია.