საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია, აკადემია გახდეს რეგიონალური ცენტრი ფინანსური მიმართულების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების სფეროში. გააღრმაოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან გამოცდილების გაცვლის,  სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ერთობლივი სასწავლო პროექტების  განხორციელების მიზნით. 

სამსახურის მიერ გათვალისწინებული მიზნების მიღწევა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერების საშუალებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საერთაშორისო დონის განათლება და გაზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები საერთაშორისო სასწავლო კურსებზე.

სტრატეგიული მიზნები საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად


1. აკადემია უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ცოდნის განვითარებასა და პროფესიული უნარების განმტკიცებას, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდას საერთაშორისო და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან ან კოლეგა ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გზით.

2. აკადემია სხვა საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესთავაზებს საერთაშორისო თანამშრომლობით მიღებული გამოცდილების შედეგად, შემუშავებულ სასწავლო პროგრამებსა და ცოდნას. 

3. აკადემია უზრუნველყოფს საერთაშორისო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ფინანსური მიმართულების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით. 

4. აკადემია განამტკიცებს თანამშრომლობას მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტებთან და ტრენერებთან, იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, პრაქტიკული, მოქნილი და მსმენელთა მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამები.

თანამშრომლობა ძირითად საერთაშორისო პარტნიორებთან


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 2012 წლიდან ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიურად ტარდება სულ მცირე 3 ორკვირიანი კურსი ინგლისურ ენაზე, რომელებსაც უძღვებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუსის (JVI) ეკონომისტები. 

ტრენინგები საერთაშორისო მასშტაბისაა და საქართველოში მეცხრე წელია ხორციელდება. IMF-ის სასწავლო კურსების ჩატარება ხელს უწყობს ქვეყნის აქტიურ ჩართვას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონალური საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორების გაზიარება. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2008 წელს პირველად გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა თანამშრომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის კადრების პროფესიული გადამზადებისა და  კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების, კონსულტირებისა და სამუშაო ვიზიტების ორგანიზების კუთხით. მემორანდუმის პირობების გათვალისწინებით, ორ წელიწადში ერთხელ მზადდება და ხელი ეწერება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელიც მოიცავს იმ მომენტისთვის არსებულ აქტუალურ საკითხებს. თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა თემებზე, ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროფესიულ სასწავლო კურსებში ნიდერლანდებსა და სლოვენიაში (National Academy for Finance and Economy და Centre of Excellence in Finance, CEF).

ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women)  შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს აკადემია ქალი მეწარმეებისთვის ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, რითიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას  და მათ აქტიურ ჩართვას სამეწარმეო საქმიანობაში.

აკადემიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის მიახლოებას ევროკავშირის სისტემასთან, უცხოელი ექსპერტის მიერ განხორციელდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები.

აღნიშნული თანამშრომლობა აკადემიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და ემსახურება საზოგადოების ადამიანური რესურსების პოტენციალის განმტკიცებას, დასაქმების შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და თვითრეალიზებას. ამასთან უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც ფინანსურად და ეკონომიკურად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.